დაუვიწყარი მოგზაურობის დასაწყისი
ოდესმე გინახავს გუდამაყრის საოცარი ხეობა, თუ „პირველად ნახვის ბედნიერება“ ჯერ კიდევ წინ გაქვს?
შაბათი დღე ჩვენთვის უჩვეულოდ ადრე გათენდა და მასთან ერთად Europcar Georgia-სა და ანსამბლ „დიდგორის” ახალი კამპანია „შენ გელოდება-ც“ დაიწყო. მოლოდინი, რომ ძალიან მალე გავუდგებოდით გზას და თავს გუდამაყარში ამოვყოფდით, ძალიან ძლიერი იყო.
გზა ცოტა გვანერვიულებდა, რადგან წინა დღეს ძლიერად თოვდა, ასეთ ამინდებში კი როგორც წესი, ხეობის გზა იკეტება და გადაადგილება რთულდება, თუმცა, გვჯეროდა და ვგრძნობდით, რომ სოფელ წინამხარში დარჩენილი ერთადერთი ოჯახი ჩვენ გველოდებოდა, ჩვენც ანალოგიურად მათთან შეხვედრის ინტერესი და სურვილი გვამოძრავებდა, ამიტომაც Europcar-ის ავტოპარკიდან სპეციალურად ის ავტომობილები შევარჩიეთ, რომელთა იმედიც ნებისმიერ შემთხვევაში გვექნებოდა და ამინდის მიუხედავად, გზას გავუდექით.
თოვლით დაფარული ხეობა
თუკი ოდესმე ანსამბლთან ერთად გიმგზავრიათ, გეცოდინებათ, რამდენად საოცარი, უწყინარი და მხიარული შეიძლება იყოს ნებისმიერი მოგზაურობა. ანსამბლმა „დიდგორმა“ აფციაურების ოჯახისთვის მომზადებული სოლო კონცერტის რეპეტიცია მანქანაშივე გაიარა და გუდამაყრის ხეობაში ქართული ხალხური სიმღერების თანხლებით, ამაყი და აღფრთოვანებული განწყობით გადავუხვიეთ.
გზა მართლა არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა, საკმაოდ მაღალი და გაუკვალავი თოვლის საფარი გადაადგილებას გვირთულებდა, მაგრამ გუდამაყრის გამგებელი, მალხაზ წიკლაური, მაქსიმალურად დაგვეხმარა გზის მოსაწესრიგებელი სამუშაოების უზრუნველყოფით და შევძელით სოფელ წინამხარში, აფციაურების ოჯახში ასვლა.
სოფელში დარჩენილი ერთადერთი ოჯახი
აფციაურების ოჯახი ჭიშკართან საოცარი სითბოთი შეგვეგება, ისე, თითქოს მათი ახლობლები ვყოფილიყავით; აი ზუსტად ისე, სოფელში ჩასულ შვილიშვილს ჭიშკართან ბებია-ბაბუა რომ გამოეგებება, ბევრს რომ დალოცავს და მოეფერება.
ეზოში ფეხი შევდგით თუ არა ვიგრძენი, რომ აქ, გუდამაყარში, ზამთარს სულ სხვაგვარი სუნი აქვს - სისუფთავის, სიმკაცრის, სიმყუდროვის, სახლის საკვამურიდან ამოსული კვამლის, აი ისეთის, სულ რომ გენატრება და არ იცი სად შეიძლება იპოვო.
ეზოს შუაგულში ერთი პატარა სახლი დგას, რომელშიც ბიძაშვილები ვაჟა და ნოდარ აფციაურები თავიანთ ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ. ნოდარი 30 წელზე მეტია აფციაურების გვარის ხევისბერის სახელს ატარებს და მამა-პაპისეულ ტრადიციებს, ლოცვებსა თუ წეს-ჩვეულებებს ასრულებს. ვაჟა კი მეუღლესთან ერთად ოთხ შვილს ზრდის და სოფლის კეთილდღეობაზე ყოველდღიურად ზრუნავს.
ოჯახი ამ ყველაფერს ისე აკეთებს, თითქოს ამაში განსაკუთრებული არაფერი იყოს, ჩვენთვის კი ეს ოჯახი ნამდვილი აღმოჩენაა. მათთან სტუმრობის მიზეზი გუდამაყრის შესახებ მეტის მოსმენა და უდიდესი მადლიერების გამოხატვა იყო, იმისათვის, რომ საქართველოს ამ საოცარ მხარეზე გულწრფელად ზრუნავენ.
გამოცოცხლებული ხეობა
ჩვენ ვეცადეთ, სულ ოდნავ მაინც გაგვეხარებინა ეს ადამიანები, თუმცა, მივხვდით, რომ მათ ეს ყველაფერი ნაკლებად სჭირდებოდათ, რადგან რეალურად რამაც მათ ყველაზე დიდი ბედნიერება მიანიჭა - ეს ჩვენ ვიყავით, ადამიანები, რომლებმაც გუდამაყრის მიმართ ინტერესი და სიყვარული გამოვხატეთ. ეს ოჯახი „შენ გელოდება“ , გელოდება, რათა შენც შეგაყვაროს და გაგიზიაროს მათი ხეობა და ისტორიები.
რაც უფრო დიდხანს ვსაუბრობდით მათთან, სულ უფრო მეტად მომწონდა და აღმაფრთოვანებდა ეს ადგილი. ჩემთვის ეს მოგზაურობა გუდამაყარში დაბრუნება იყო, დაბრუნება, რომელმაც ბევრი ახალი და საინტერესო აღმოჩენა გამაკეთებინა. მგზავრობის დასაწყისში, შინაგანი ხმა თითქოს მეუბნებოდა, რომ გუდამაყარში მე ახალი თავგადასავლები მელოდა და მართლაც, ჩემთვის ეს მოგზაურობა სრულიად დაუვიწყარი გამოცდილება აღმოჩნდა.
ახლა კი, გუდამაყარი „ შენ გელოდება...“, და თუ რისთვის, ამაზე პასუხს, ალბათ, თავადვე იპოვი.